იოგა
იოგა

რა არის იოგა?
სიტყვა „იოგა“ წარმოიშვა სანსკრიტული ფესვიდან „იუჯ“, რაც ნიშნავს შეკვრას, შეერთებას, მიბმასა და შეკავებას, ყურადღების მიმართვასა და კონცენტრირებას, გამოყენებასა და განხორციელებას. ასევე ნიშნავს ერთობას ან შერწყმას. ეს არის ჩვენი ნებისა და ღვთის ნების ჭეშმარიტი შერწყმა. როგორც მაჰადევ დესაი ამბობს თავის შესავალში „გიტაზე“ (განდის მიხედვით): „იოგა ნიშნავს სხეულის, გონებისა და სულის ყველა ძალის ღვთისადმი მიბმას; ნიშნავს გონების, ინტელექტის, ემოციებისა და ნების დისციპლინას, რასაც იოგა გულისხმობს; ნიშნავს სულის წონასწორობას, რაც ადამიანს აძლევს საშუალებას, ცხოვრება ყველა ასპექტში მშვიდად აღიქვას.“
იოგა ინდური ფილოსოფიის ექვსი ორთოდოქსული სისტემიდან ერთ-ერთია. ის შეკრიბა, დააკოორდინირა და სისტემატიზაცია გაუკეთა პატანჯალიმ თავის კლასიკურ ნაშრომში „იოგას სუტრები“, რომელიც 185 მოკლე აფორიზმისგან შედგება. ინდურ მსოფლმხედველობაში ყველაფერი გამსჭვალულია უზენაესი უნივერსალური სულით (პარამათმა ან ღმერთი), რომლის ნაწილიც არის ინდივიდუალური ადამიანის სული (ჯივათმა). იოგას სისტემა ასე იმიტომ ეწოდება, რომ ასწავლის იმ საშუალებებს, რომლითაც ჯივათმა შეიძლება შეუერთდეს ან შეერწყას პარამათმას და ამგვარად მიაღწიოს გათავისუფლებას (მოქშა).
ის, ვინც იოგას გზას მიჰყვება, იოგია ან იოგინი.
„ბჰაგავად გიტას“ მეექვსე თავში, რომელიც იოგას ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი წყაროა, შრი კრიშნა, არჯუნას უხსნის იოგას მნიშვნელობას, როგორც ტკივილთან და სევდასთან შეხებისგან გათავისუფლებას. იქ ნათქვამია:
“როცა გონება, ინტელექტი და მე (აჰამკარა) კონტროლს ექვემდებარება, თავისუფალი მოუსვენარი სურვილებისგან, ის სულში განისვენებს, ადამიანი ხდება იუკტა — ანუ ღმერთთან შერწყმული. როგორც სანთელი არ ცახცახებს იქ, სადაც ქარი არ ქრის, ასევეა იოგი, რომელიც მართავს თავის გონებას, ინტელექტსა და მეს, მთლიანად შერწყმულია სულში. როცა გონების, ინტელექტისა და მეს მოუსვენრობა მშვიდდება იოგას პრაქტიკით, იოგი თავისი შინაგანი სულის მადლით პოულობს სრულყოფას. მაშინ ის იცნობს მარადიულ სიხარულს, რომელიც გრძნობების მიღმაა და რაც გონებით მიუწვდომელია. ის რჩება ამ რეალობაში და აღარ სწყდება მას. მან იპოვა საუნჯე, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას. ამაზე მაღალი არაფერია. ვინც ამას აღწევს, უდიდესი სევდაც კი ვერ შეარყევს. სწორედ ეს არის იოგას ნამდვილი მნიშვნელობა — გათავისუფლება ტკივილთან და სევდასთან შეხებისგან.”
როგორც კარგად დამუშავებულ ბრილიანტს აქვს მრავალი მხარე და თითოეული მათგანი განსხვავებულ ფერს ასხივებს, ასევე სიტყვა „იოგასაც“ აქვს მრავალი მნიშვნელობა — მისი თითოეული ფასი ასახავს განსხვავებულ შრეს და ავლენს ადამიანის შინაგანი სიმშვიდისა და ბედნიერების მოსაპოვებლად გაწეულ ძალისხმევას სხვადასხვა ასპექტში.
„ბჰაგავად გიტა“ იოგას სხვა განმარტებებსაც იძლევა და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კარმა იოგაზე (მოქმედების გზით იოგაზე). იქ ნათქვამია: „მხოლოდ მოქმედება არის შენი უფლება, არა მისი ნაყოფი. არასოდეს აქციე ნაყოფი შენი მოქმედების მოტივად და არასოდეს შეწყვიტო მოქმედება. იმოქმედე უფლის სახელით, უარი თქვი ეგოისტურ სურვილებზე; არ მოახდინოს გავლენა შენზე არც წარმატებამ არც მარცხმა. ეს შინაგანი წონასწორობა იწოდება იოგად.“
იოგა ასევე აღწერილია როგორც სიბრძნე მოქმედებაში, ანუ ოსტატური ცხოვრება საქმიანობის ფონზე, ჰარმონია და ზომიერება.
„იოგა არ არის მათთვის, ვინც ზედმეტად ჭამს, არც მათთვის, ვინც თავს შიმშილით ტანჯავს; არც მათთვის, ვინც ზედმეტად სძინავს და არც მათთვის, ვინც უძინარია. ზომიერებით ჭამასა და დასვენებაში, მუშაობის რეგულაციით, ძილ-ღვიძილის თანხმობით — იოგა ყველა ტკივილსა და სევდას ანადგურებს.“
„კათოპანიშადში“ იოგა ასეა აღწერილი: „როცა გრძნობები დამშვიდებულია, გონება განისვენებს და ინტელექტი მტკიცეა — ბრძენნი ამბობენ, რომ მაშინ არის უმაღლესი მდგომარეობა მიღწეული. ეს გრძნობებისა და გონების მუდმივი კონტროლი იწოდება იოგად. ვინც ამას მიაღწევს, თავისუფლდება ილუზიისგან.“
„იოგა სუტრების“ პირველი თავის მეორე აფორიზმში პატანჯალი იოგას ასე აღწერს: „ჩიტა ვრიტი ნიროდჰა.“ ეს შეიძლება ითარგმნოს როგორც გონებრივი მოდიფიკაციების (ვრიტი) შეკავება (ნიროდჰა) ან ცნობიერების რყევების (ვრიტი) შეჩერება (ნიროდჰა). სიტყვა „ჩიტა“ აღნიშნავს გონებას მთლიანობაში, რომელიც შედგება სამი კატეგორიისგან: (ა) გონება (მანასი — ინდივიდუალური გონება, რომელსაც აქვს ყურადღების, შერჩევისა და უარყოფის უნარი; ეს არის გონების მერყევი, არამტკიცე მხარე), (ბ) ინტელექტი ან გონიერება (ბუდდჰი — მტკიცე მდგომარეობა, რომელიც განსაზღვრავს განსხვავებებს საგნებს შორის) და (გ) ეგო (აჰამკარა — სიტყვასიტყვით „მე“-ს შემქმნელი, მდგომარეობა, რომელიც განსაზღვრავს, რომ „მე ვიცი“).
სიტყვა „ვრიტი“ წარმოიშვა სანსკრიტული ფესვიდან „ვრტ“, რაც ნიშნავს ბრუნვას, ტრიალს, გორვას. აქედან გამომდინარე, ნიშნავს მოქმედების კურსს, მდგომარეობას, ყოფის ფორმას ან გონებრივ მდგომარეობას. იოგა არის მეთოდი, რომლითაც მოუსვენარი გონება მშვიდდება და ენერგია კონსტრუქციულ არხებში მიედინება. როგორც ძლიერი მდინარე, რომელიც სათანადო კაშხლებითა და არხებით მართვისას ქმნის წყლის დიდ რეზერვუარს, იცავს გვალვისგან და უზრუნველყოფს მრავალი დარგის ენერგიით მომარაგებას, ასევეა გონებაც, როცა კონტროლდება, ქმნის სიმშვიდის რეზერვუარს და წარმოშობს უხვ ენერგიას ადამიანის ამაღლებისთვის.
გონების კონტროლის პრობლემა მარტივად გადასაჭრელი არ არის, როგორც ამას ადასტურებს შემდეგი დიალოგი „ბჰაგავად გიტას“ მეექვსე თავში. არჯუნა სთხოვს შრი კრიშნას:
„კრიშნავ, შენ მომიყევი იოგაზე, როგორც ბრაჰმანთან (უნივერსალურ სულთან) შერწყმაზე, რომელიც მარად ერთია. მაგრამ როგორ შეიძლება ეს იყოს მუდმივი, როცა გონება ასე მოუსვენარი და არასტაბილურია? გონება სწრაფია და ჯიუტი, ძლიერია და თავნება, მის დამორჩილებას ქარის შეკავებას ვადარებ.“
შრი კრიშნა პასუხობს: „უეჭველია, გონება მოუსვენარია და ძნელად სამართავი. მაგრამ იგი შეიძლება გაწვრთნილ იქნეს მუდმივი ვარჯიშით (აბჰიასა) და სურვილებისგან გათავისუფლებით (ვაირაგია). ადამიანი, რომელიც ვერ აკონტროლებს საკუთარ გონებას, ძნელად მიაღწევს ამ ღვთიურ შერწყმას; მაგრამ თვითკონტროლის მქონე, მონდომებული ადამიანი, თუ სწორად მიმართავს ენერგიას, ამას აუცილებლად მიაღწევს.“
ხშირად დასმული კითხვები
დღის რომელი მონაკვეთია საუკეთესო ვარჯიშისთვის?
საუკეთესო დროა დილას 06:00 დან 09:00 მდე და საღამოს 18:00 დან 21:00 მდე. თუ ამ დროს ვერ ახერხებთ ვარჯიშს, შეარჩიეთ ისეთი დრო, როცა ყველაზე ნაკლებად ჩქარობთ.
რა დამჭირდება ვარჯიშის დასაწყებად?
თქვენ დაგჭირდებათ: იოგას ხალიჩა და კომფორტული ტანსაცმელი. წყალი — მხოლოდ სურვილისამებრ
მჭირდება თუ არა მოქნილობა იოგას დასაწყებად?
არა. იოგას ვარჯიშის დაწყება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი ფიზიკური მონაცემით.
შემიძლია თუ არა იოგას ვარჯიში, თუ საერთოდ არ შემიძლია ხელებით იატაკს მივწვდე?
რა თქმა უნდა! როგორც ზემოთ აღვნისნეთ, იოგა სწორედ იმიტომ არსებობს, რომ დაგეხმაროთ მოქნილობის გაუმჯობესებაში. ბევრი დამწყები იწყებს ზუსტად ამ ნიშნულიდან.
რა ასაკიდან რა ასაკამდე შეიძლება იოგას ვარჯიში?
იოგას ვარჯიშის დაწყება უკვე 11 წლიდან შეიძლება. ზედა ზღვარი იოგას არ გააჩნია.
იოგას მარტო ქალები ვარჯიშობენ?
არა. იყო პერიოდი, როდესაც ქალებს საერთოდ ეკრძალებოდათ იოგას ვარჯიში და ის მხოლოდ კაცების „პრაქტიკად“ ითვლებოდა.
აუცილებელია საკუთარი ხალიჩის (მატის) ქონა?
სტუდიების უმეტესობას აქვს საერთო ხალიჩები, თუმცა პირადი ჰიგიენისა და კომფორტისთვის, გრძელვადიან პერსპექტივაში, საკუთარი ხალიჩის ქონა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
ონლაინ ვარჯიში ჯობია თუ დარბაზში?
თუ ვარჯიში ინდივიდუალურია, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს ონლაინ იქნება თუ დარბაზში. თუ ვარჯიში ჯგუფურია, მაშინ დამწყებთათვის დარბაზი ჯობია, რადგან ინსტრუქტორი პირადად გაასწორებს თქვენს პოზებს (ასანებს), რაც ტრავმების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია. ონლაინ ვარჯიში კარგია დროის დაზოგვისთვის.
შეიძლება თუ არა ჭამა ვარჯიშის წინ ან მის შემდეგ?
სასურველია იოგამდე 2-3 საათი არ მიიღოთ მძიმე საკვები. თუ ძალიან გშიათ, მსუბუქი წასახემსებელი (მაგალითად, ბანანი ან იოგურტი) ვარჯიშამდე 1 საათით ადრე დასაშვებია. ვარჯიშიდან 15 წუთის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ მსუბუქად მიირთვათ.
ვარჯიშის დროს წყლის სმა შეიძლება?
წყლის დალევა ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე ჯობია. თუ წყლის გარეშე გიძნელდებათ ვარჯიში, შეგიძლიათ ცოტ-ცოტა, ყლუპ-ყლუპად სვათ მთელი ვარჯიშის განმავლობაში.
კვების შეცვლა აუცილებელია ვარჯიშის დასაწყებად?
არა. შეგიძლიათ იკვებოთ ისე, როგორც იკვებებით.
მოწევის/სმის თავის დანებება აუცილებელია იოგას დაწყებისას?
არა. ზოგადად კარგი იქნებოდა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ იოგასთვის სავალდებულო არაა.
ეხმარება თუ არა იოგა გახდომაში?
დიახ, განსაკუთრებით მაშინ, თუ კვებითაც შეუწყობთ ხელს. ის ასევე აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
მაქვს ჭარბი წონა. ჯერ დავიკლო წონაში და მერე მოვიდე სავარჯიშოდ?
არა. ჯობია ივარჯიშოთ და თან დაიკლოთ წონაში, რადგან თქვენმა სხეულმა არ დაკარგოს ფორმა.
რამდენი ხანი სჭირდება პირველი შედეგის დანახვას?
მენტალურ სიმშვიდესა და ენერგიის მატებას პირველივე ვარჯიშის შემდეგ იგრძნობთ. ფიზიკური ცვლილებები (მოქნილობა, ტონუსი) ჩვეულებრივ 4-6 კვირიანი რეგულარული პრაქტიკის შემდეგ ხდება შესამჩნევი.
მაწუხებს ზურგის/წელის/კისრის (და ა.შ) ტკივილი. დაველოდო, რომ გაიაროს და მერე მოვიდე სავარჯიშოდ?
არა. პირდაპირ შეგიძლიათ დაიწყოთ. იოგას ვარჯიშები, თუ სწორად არის შერჩეული და მიწოდებული, მოგიხსნით ტკივილებს და აღმოფხვრის ტკივილის გამომწვევ მიზეზს.
მაქვს ხერხემლის გამრუდება. შეიძლება ჩემთვის იოგას ვარჯიში?
დიახ შეიძლება და აუცილებელიცაა. იოგას ვარჯიშები, თუ სწორად არის შერჩეული, ხელს უწყობს ხერხემლის გამრუდების გასწორებას.
რა ვქნა, თუ ვარჯიშისას თავბრუ მეხვევა ან რამე მტკივა?
გაჩერდით და ამის შესახებ შეატყობინეთ ინსტრუქტორს.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პოზას საერთოდ ვერ ვაკეთებ?
ნუ ინერვიულებთ. იოგაში თითქმის ყველა პოზას აქვს “მოდიფიკაცია” (გამარტივებული ვერსია). ჩვენი ინსტრუქტორები გაგიმარტივებენ და თქვენზე მოარგებენ ნებისმიერ ესეთ პოზას.
შემიძლია თუ არა ვარჯიში მაღალი/დაბალი არტერიული წნევის დროს?
შესაძლებელია, თუმცა ინსტრუქტორმა უნდა იცოდეს ამის შესახებ, რათა ამოიღოს ან შეცვალოს პოზები.
რამდენად ხშირად უნდა ვივარჯიშო?
თუ ჯანმრთელი ხართ კვირაში 3 ჯერ ვარჯიში საკმარისია.
სერიოზული გამრუდების, თიაქარის, პროტრუზიის და ხერხემლის დისკის სხვა დეგენერაციული პროცესების დროს უმჯობესია ყოველდღიური ვარჯიში.
ამბობენ, რომ იოგას ვარჯიშები სხეულის ფორმას ცვლის. ასეა?
დიახ იოგას ვარჯიში თან წელავს და თან ამაგრებს კუნთებს, რის შედეგადაც კუნთი ვიზუალურად უფრო ლამაზ ფორმას იღებს.
გამიგია, რომ იოგა უბრალო ვარჯიში არაა და თავისი ფილოსოფიის შესწავლასაც მოიაზრებს.
იოგას რა თქმა უნდა თავისი ფილოსოფიური ნაწილი აქვს, მაგრამ მისი შესწავლა არ არის სავალდებულო და არ აქვს კავშირი ფიზიკურ ვარჯიშთან.
გამიგია, რომ იოგა რელიგიაა და ქრისტიანობასთან მოდის წინააღმდეგობაში.
იოგა რელიგია არ არის. იოგა ფიზიკური, მენტალური და სუნთქვითი ვარჯიშებია. იგი მთლიანად არის თავისუფალი რელიგიისგან. ხალხი მას ხშირად ურევს ინდუიზმსა და ბუდიზმში, იმის გამო, რომ ინდური რელიგიების უმრავლესობა იყენებს იოგას ტექნიკებს.
მედიტაციებს თუ ასწავლით?
მედიტაცია არ ისწავლება. მედიტაცია თავისით მოდის ხანგრძლივი ვარჯიშის, კონცენტრაციის და თვითდაკვირვების შედეგად. თუ ვინმე გპირდებათ, რომ მედიტაციას გასწავლით ესე იგი გატყუებთ.
რა ვქნა, თუ ვარჯიშის დროს ფიქრებს თავს ვერ ვარიდებ?
ეს სრულიად ნორმალურია. იოგას მიზანი ფიქრების “გათიშვა” კი არა, მათზე დაკვირვებაა. დროთა განმავლობაში, სუნთქვაზე და სხეულზე კონცენტრაციით, გონება თავისით დაწყნარდება.
ამბობენ, რომ იოგა ხსნის სტრესს და შფოთვებს. ასეა?
დიახ. იოგა ამცირებს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონეს. სუნთქვითი ვარჯიშები და სხეულის მოდუნება პირდაპირ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, რაც გეხმარებათ შფოთვის დაძლევასა და ძილის გაუმჯობესებაში.
შესაძლებელია თუ არა იოგა ორსულობის დროს?
დიახ, არსებობს სპეციალური “პრენატალური იოგა”. თუმცა, ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და ინსტრუქტორის გაფრთხილება.
ორსულობის შემთხვევაში, როდის შეიძლება ვარჯიშის დაწყება?
პირველ ტრიმესტრში ვარჯიშის დაწყება არ არის რეკომენდებული. ხშირ შემთხვევაში, სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ ვარჯიშის დაწყებას მეორე ტრიმესტრიდან (დაახლოებით მე-14 კვირიდან), როდესაც პირველი ტრიმესტრისთვის დამახასიათებელი ტოქსიკოზი და დაღლილობა კლებულობს და ნაყოფსაც არაფერი ემუქრება.
თუ ორსულობამდე უკვე ვვარჯიშობდი იოგას, შევწყვიტო ვარჯიში თუ გავაგრძელო?
თუ ორსულობამდე აქტიურად ვარჯიშობდით იოგას, მაშინ შეგიძლიათ ვარჯიში გააგრძელოთ, მაგრამ ამის შესახებ აუცილებლად უნდა გააფრთხილოთ თქვენი ექიმიც და ინსტრუქტორიც. ვარჯიში აუცილებლად გახდება შესაცვლელი.
არსებობს თუ არა შეზღუდვები კრიტიკულ დღეებში?
რეკომენდებულია თავი შეიკავოთ ვარჯისისგან, განსაკუთრებით — ინვერსიული (ამოტრიალებული) პოზებისგან და ინტენსიური დატვირთვისგან.
შესაძლებელია თუ არა ინდივიდუალური გაკვეთილის ჩატარება?
დიახ, ჩვენ საიტზე ინდივიდუალური გაკვეთილებისათვის გამოყოფილია სპეციალური გვერდი, სადაც შეძლებთ პერსონალური ინსტრუქტორის შერჩევას
პოსტები

ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი
შეიძლება „ანაბოლიზმი“ და „კატაბოლიზმი“ თქვენი შვილის საყვარელი სატელევიზიო შოუს სუპერგმირების სახელებს ჰგავდეს, მაგრამ რეალურად ეს ტერმინები სამედიცინო სფეროდან მომდინარეობს. ექიმები, დიეტოლოგები, ჯანმრთელობის მწვრთნელები და ბოდიბილდერები ამ ორი ფუნქციის ცოდნას იყენებენ…

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 9
თავად ნელი ძილი სამ ქვესტადიად იყოფა. პირველი სტადია არის გარდამავალი მდგომარეობა პასიურ სიფხიზლესა და მსუბუქ ძილს შორის, ახასიათებს თვალების ნელი მოძრაობა და ცხადი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხილვები, რომლებსაც ჰიპნაგოგიკური (ბერძნულად „სიზმრებში გადამყვანი“)…

იოგას ნათელქმნა ნაწილი 8 – Light on Yoga
ნიამა არის ქცევის წესები, რომლებიც ეხება ინდივიდუალურ დისციპლინას, მაშინ როცა იამა უნივერსალურია თავისი გამოყენებით. პატანჯალის მიერ ჩამოთვლილი ხუთი ნიამაა: შაუჩა (სიწმინდე), სანტოშა (კმაყოფილება), ტაპასი (გზნება ან ასკეტიზმი), სვადჰიაია (საკუთარი თავის/მეს…

იოგას ნათელქმნა ნაწილი 7 – Light on Yoga
პატანჯალის იოგა სუტრები ოთხ თავად ანუ პადად იყოფა. პირველი ეხება სამადჰის, მეორე — იოგას მიღწევის საშუალებებს (სადჰანას), მესამეში ჩამოთვლილია ძალები (ვიბჰუტი), რომლებსაც იოგი თავისი ძიების გზაზე ხვდება, ხოლო მეოთხე ეხება…

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 8
როდესაც ფხიზლობთ და დაკავებული ხართ რაიმე აქტივობით (სეირნობა, კითხვა და ა.შ) თქვენი ტვინი გადაამუშავებს გარე სამყაროდან მიღებულ სენსორულ ინფორმაციას, რომელიც თქვენს მეხსიერებასთან ერთად ქმნის ნედლეულს სამყაროს მოდელირებისთვის. სიფხიზლისა და აქტიურობის…

იოგას ნათელქმნა ნაწილი 6 – Light on Yoga
იოგას ყველა მნიშვნელოვანი ტექსტი უდიდეს ყურადღებას უთმობს სადჰანას ან აბჰიასას (მუდმივ პრაქტიკას). სადჰანა არ არის იოგას ტექსტების მხოლოდ თეორიული შესწავლა; ეს სულიერი ძალისხმევაა. ზეთის მისაღებად აუცილებელია ზეთოვანი თესლის დაწნეხვა. შეშა…

ახალბედა ვეგეტარიანელების 10 შეცდომა
მრავალმა ადამიანმა სხვადასხვა მიზეზის გამო გადაწყვიტა შეეწყვიტა ხორცის ჭამა და გამხდარიყვნენ ვეგეტარიანელები, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის გამო მალევე შეწყვიტეს ვეგეტარიანული კვება და დაუბრუნდნენ მანამდე უკვე ნაცნობ საკვებს.რა განაპირობებს ამას? სად…

ჰიპომაგნემია
ჰიპომაგნემია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მაგნიუმის დეფიციტი, ხდება მაშინ, როდესაც თქვენს სისხლში მაგნიუმის დონე ნორმაზე დაბალია. ის შეიძლება იყოს მსუბუქი ან მძიმე.მაგნიუმი არის ელექტროლიტი, რომელიც წარმოადგენს მთავარ კომპონენტს მრავალი ორგანიზმის…

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 7
ადამიანებს ყოველთვის უჩნდებოდათ კითხვები ძილის საჭიროებასთან დაკავშირებით. მართლაც რატომ ვთიშავთ საკუთარ თავს დღე-ღამეში რვა საათით? ყველაზე შესაბამისი პასუხია – გონებისა და სხეულის დასასვენებლად და კიდევ სიბნელის საათებში საფრთხისგან თავდასაცავად. მაგრამ…

იოგას ნათელქმნა ნაწილი 5 – Light on Yoga
„შივა სამჰიტა“ სულიერ მაძიებლებს ოთხ ტიპად ყოფს: 1) მრდუ — სუსტი, 2) მადიამა — საშუალო, 3) ადჰიმატრა — მაღალი და 4) ადჰიმატრატამა — უმაღლესი. ამ უკანასკნელს, ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომს,…

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 6
ბევრი ადამიანი ხედავს ლუციდურ სიზმარს მას შემდეგ რაც პირველად კითხულობს ან ისმენს მასზე. ეს რაღაცით ახალბედას იღბალს ჰგავს; მათ ეუბნებიან რომ ამის გაკეთება შესაძლებელია და ისინიც აკეთებენ. შედეგად ამ წიგნის…

იოგას ნათელქმნა ნაწილი 4 – Light on Yoga
გაფანტულობა და დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის მაძიებელს იოგას პრაქტიკაში, არის:ვიადი – ავადმყოფობა, რომელიც არღვევს ფიზიკურ წონასწორობასსტიანა – მოდუნება ან გონების შენელებასამშაია – ეჭვი ან გადაუწყვეტლობაპრამადა – გულგრილობა ან უგრძნობლობაალასია –…

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 5
როგორ უკავშირდება თქვენი ღვიძილის მდგომარეობის განახლებული და გამდიდრებული ცნობიერება თქვენს ლუციდური სიზმრების გამოცდილებას? მრავალი დაკვირვება რეალურ სამყაროზე შეიძლება სიზმარხილვებს მივაკუთვნოთ. თქვენი შეგრძნებები სიზმარშიც შეიძლება ისეთივე მრავალფეროვანი იყოს როგორც ცხადში. თქვენ…

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 4
თუ აქამდე ლუციდური სიზმრის გამოცდილება არ გქონიათ თქვენთვის ძნელი წარმოსადგენი იქნება თუ რა არის ეს. მიუხედავად იმისა რომ აუცილებელია გამოსცადოთ რომ გაიგოთ სინამდვილეში რა არის ეს, ვისაც უცდია იცის. მაინც…

იოგას ნათელქმნა ნაწილი 3 – Light on Yoga
იოგა სუტრებში პატანჯალი ასახელებს ჩიტა ვრტის ხუთ კატეგორიას, რომლებიც იწვევს სიამოვნებასა და ტკივილს. ესენია:პრამანა (სტანდარტი ან იდეალი) – რითაც გონება ზომავს ან ცნობს საგნებსა და ღირებულებებს, რასაც ადამიანები იღებენ (ა)…

იოგას სახეობები
იოგის უძველესი სისტემა, რომლსაც ფესვები ინდურ ფილოსოფიასა და ტრადიციაში მყარად აქვს გადგმული, ერთიან მიზანს — მოქშას, ანუ სულიერ გათავისუფლებას — ემსახურება. იგი ადამიანის ბუნების მრავალფეროვნებას აღიარებს და მას ოთხ ძირითად…

იოგას ნათელქმნა ნაწილი 2 – Light on Yoga
სწორი საშუალებები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სასურველი მიზანი. პატანჯალი ჩამოთვლის ამ საშუალებებს, როგორც იოგას რვა შტოს ან ეტაპს სულის ძიებისათვის. ესენა: იამა (უნივერსალური მორალური მცნებები);
ნიამა (თვითგანწმენდვა დისციპლინით);
ასანა (პოზა);
პრანაიამა (სუნთქვის რითმული კონტროლი);
პრატიჰარა…

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 3
ამ თავში მიმოვიხილავთ წინამდებარე ნაშრომის ნაწილებს.თავი 2. “ლუციდური სიზმრებისთვის სასწავლებლად მომზადება” გვაწვდის ინფორმაციის აუცილებელ ნაწილს ძილის შესახებ და გვეხმარება დავძლიოთ ნებისმიერი რეზერვაცია რომელიც შეიძლება ლუციდური სიზმარხილვებისას გაჩნდეს და ხელი შეუშალოს…

იოგა ხერხემლის ჯანმრთელობისთვის
ჩვენი სხეულის მთავარი საყრდენი ხერხემალია, ამიტომ მისი სიჯანსაღე გადამწყვეტია ჩვენი ზოგადი კეთილდღეობისთვის. იოგა განიხილება, როგორც ეფექტური საშუალება ხერხემლის პრობლემების მართვისა და მათთან გასამკლავებლად. იოგის გარკვეული ასანები აძლიერებს ზურგის კუნთებს და…

ლუციდური სიზმრების სამყარო ნაწილი 2
მე მნიშვნელოვანი ცოდნა დავაგროვე ლუციდურ სიზმრებში როგორც ადრეული ისე თანამედროვე წყაროებიდან. ვიდრე ეს წიგნი გამოქვეყნდებოდა ათასობით ადამიანი მწერდა და თავიანთ გამოცდილებასა და აღმოჩენებს მიყვებოდნენ და ლუციდური სიზმრებისთვის გამოსადეგ ბევრ პრაქტიკულ…
