ავტორი: B. K. S. Iyengar
აშტანგა იოგა — იოგას რვა საფეხური
პატანჯალის იოგა სუტრები ოთხ თავად ანუ პადად იყოფა. პირველი ეხება სამადჰის, მეორე — იოგას მიღწევის საშუალებებს (სადჰანას), მესამეში ჩამოთვლილია ძალები (ვიბჰუტი), რომლებსაც იოგი თავისი ძიების გზაზე ხვდება, ხოლო მეოთხე ეხება განთავისუფლებას (კაივალია).
იამა
აჰიმსა. სიტყვა აჰიმსა შედგება უარყოფითი ნაწილაკისგან „ა“ (არა) და არსებითი სახელისგან „ჰიმსა“, რაც კვლას ან ძალადობას ნიშნავს. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ არა კვლის ბრძანება, რადგან მას გააჩნია უფრო ფართო, დადებითი მნიშვნელობა — სიყვარული. ეს სიყვარული მოიცავს მთელ შესაქმეს, რადგან ჩვენ ყველანი ერთი მამის — უფლის შვილები ვართ. იოგს სწამს, რომ ნივთის განადგურება ან არსების მოკვლა მისი შემოქმედის შეურაცხყოფაა. ადამიანები კლავენ ან საკვებისთვის, ან საფრთხისგან თავის დასაცავად. მაგრამ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ადამიანი ვეგეტარიანელია, აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ის ბუნებით არაძალადობრივია ან რომ ის იოგია, თუმცა ვეგეტარიანული კვება აუცილებელია იოგას პრაქტიკისთვის. სისხლისმსმელი ტირანებიც შეიძლება იყვნენ ვეგეტარიანელები, მაგრამ ძალადობა გონების მდგომარეობაა და არა დიეტის. ის ბუდობს ადამიანის გონებაში და არა იმ იარაღში, რომელიც მას ხელში უჭირავს. დანა შეიძლება გამოიყენო ხილის გასათლელად ან მტრის დასაჭრელად. დანაშაულება არა იარაღში, არამედ მის მომხმარებელშია.
ადამიანები ძალადობას მიმართავენ საკუთარი ინტერესების — სხეულის, საყვარელი ადამიანების, ქონების ან ღირსების დასაცავად. მაგრამ ადამიანს არ შეუძლია მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოს თავისი ან სხვების დაცვისას. რწმენა იმისა, რომ მას ეს ძალუძს, მცდარია. ადამიანი უნდა დაეყრდნოს ღმერთს, რომელიც არის წყარო ყოველგვარი ძალისა. მაშინ მას აღარ ექნება ბოროტების შიში.
ძალადობა წარმოიშობა შიშისგან, სისუსტისგან, უმეცრებისგან ან მოუსვენრობისგან. მის მოსათოკად ყველაზე მეტად შიშისგან თავისუფლებაა საჭირო. ამ თავისუფლების მოსაპოვებლად აუცილებელია ცხოვრებისადმი ხედვის შეცვლა და გონების გადახალისება. ძალადობა აუცილებლად შემცირდება, როდესაც ადამიანები ისწავლიან რწმენის დაფუძნებას რეალობასა და კვლევაზე, ნაცვლად უმეცრებისა და ვარაუდებისა.
იოგს სწამს, რომ ყველა ქმნილებას სიცოცხლის ისეთივე უფლება აქვს, როგორიც მას. მას სჯერა, რომ დაბადებულია სხვების დასახმარებლად და შესაქმეს სიყვარულის თვალებით უყურებს. მან იცის, რომ მისი სიცოცხლე განუყოფლად არის გადაჯაჭვული სხვების სიცოცხლესთან და ხარობს, თუ შეუძლია დაეხმაროს მათ ბედნიერების მიღწევაში.
ის სხვების ბედნიერებას საკუთარზე წინ აყენებს და ხდება სიხარულის წყარო ყველასთვის, ვინც მას ხვდება. როგორც მშობლები ამხნევებენ ჩვილს პირველი ნაბიჯების გადადგმისას, ისე ამხნევებს ის მასზე ნაკლებად იღბლიანებს და ამზადებს მათ გადარჩენისთვის.
სხვების მიერ ჩადენილი არასწორი ქმედებისთვის ადამიანები სამართალს ითხოვენ, ხოლო საკუთარი დანაშაულისთვის — წყალობასა და პატიებას. იოგს კი, პირიქით, სწამს, რომ საკუთარი არასწორი ქმედებისთვის უნდა გასამართალდეს, ხოლო სხვისთვის — აპატიოს. მან იცის და ასწავლის სხვებს, როგორ იცხოვრონ. მუდმივად მიილტვის რა საკუთარი თავის სრულყოფისკენ, ის თავისი სიყვარულითა და თანაგრძნობით უჩვენებს სხვებს, როგორ გაუმჯობესდნენ.
იოგი ეწინააღმდეგება ბოროტებას ბოროტმოქმედში, მაგრამ არა თავად ბოროტმოქმედს. ჩადენილი დანაშაულისთვის ის ქადაგებს სინანულს და არა დასჯას. ბოროტებისადმი წინააღმდეგობა და ბოროტმოქმედისადმი სიყვარული შეიძლება თანაარსებობდეს. ლოთის ცოლს, მიუხედავად იმისა, რომ უყვარს ქმარი, შეუძლია ეწინააღმდეგებოდეს მის ჩვევას. წინააღმდეგობა სიყვარულის გარეშე ძალადობამდე მიდის; ბოროტმოქმედის სიყვარული მასში არსებული ბოროტებისადმი წინააღმდეგობის გარეშე კი სისულელეა და უბედურებამდე მივყავართ. იოგმა იცის, რომ გიყვარდეს ადამიანი და თან ებრძოლო მასში არსებულ ბოროტებას — სწორი გზაა. ბრძოლა მოგებულია, რადგან ის მას სიყვარულით წარმართავს. მოსიყვარულე დედამ შეიძლება სცემოს შვილს მავნე ჩვევისგან გადასაჩვევად; ასევე აჰიმსას ჭეშმარიტ მიმდევარს უყვარს თავისი მოწინააღმდეგე.
აჰიმსასთან ერთად მოდის აბჰაია (შიშისგან თავისუფლება) და აკროდჰა (ბრაზისგან თავისუფლება). შიშისგან თავისუფლება მხოლოდ მათთან მოდის, ვინც წმინდა ცხოვრებით ცხოვრობს. იოგს არავისი ეშინია და არც არავის უნდა ეშინოდეს მისი, რადგან ის განწმენდილია „მეს“ (Self) შესწავლით. შიში იპყრობს და აშეშებს ადამიანს. მას ეშინია მომავლის, უცნობისა და უხილავის. ეშინია, რომ დაკარგავს საარსებო წყაროს, სიმდიდრეს ან რეპუტაციას. მაგრამ ყველაზე დიდი შიში — სიკვდილის შიშია. იოგმა იცის, რომ ის განსხვავდება თავისი სხეულისგან, რომელიც დროებითი სახლია მისი სულისთვის. ის ხედავს ყველა არსებას „მე“-ში (ატმანში) და „მეს“ — ყველა არსებაში, და ამიტომ კარგავს ყოველგვარ შიშს. თუმცა სხეული ექვემდებარება ავადმყოფობას, სიბერეს, ხრწნასა და სიკვდილს, სული ხელუხლებელი რჩება. იოგისთვის სიკვდილი ის სანელებელია, რომელიც ცხოვრებას გემოს მატებს. მან მიუძღვნა თავისი გონება, განსჯა და მთელი სიცოცხლე უფალს. როდესაც მან მთელი თავისი არსება უფალს დაუკავშირა, რისი უნდა ეშინოდეს?
არსებობს ორი ტიპის ბრაზი (კროდჰა): ერთი ამდაბლებს გონებას, ხოლო მეორე სულიერ ზრდას უწყობს ხელს. პირველის ფესვი სიამაყეა, რაც ადამიანს აბრაზებს, როდესაც მას უგულებელყოფენ. ეს ხელს უშლის გონებას, დაინახოს საგნები პერსპექტივაში და ადამიანის განსჯას ხარვეზიანს ხდის. იოგი კი, პირიქით, ბრაზობს საკუთარ თავზე, როდესაც მისი გონება ეცემა ან როცა მთელი მისი სწავლულობა და გამოცდილება ვერ აკავებს მას სისულელისგან. ის მკაცრია საკუთარ თავთან, როცა საქმე მის შეცდომებს ეხება, მაგრამ ლმობიერია სხვების შეცდომების მიმართ. გონების სიმშვიდე იოგის თვისებაა, რომლის გულიც ლღვება ნებისმიერი ტანჯვის ხილვისას. მასში სხვებისადმი სირბილე და საკუთარი თავისადმი სიმტკიცე ხელჩაკიდებულნი დადიან და მის თანდასწრებაში ყოველგვარი მტრობა ქრება.
სატია. სატია ანუ ჭეშმარიტება ქცევისა და ზნეობის უმაღლესი წესია. მაჰათმა განდი ამბობდა: „ჭეშმარიტება ღმერთია და ღმერთი ჭეშმარიტებაა“. როგორც ცეცხლი წვავს მინარევებს და აწრთობს ოქროს, ასევე ჭეშმარიტების ცეცხლი წმენდს იოგს და წვავს მასში არსებულ წიდებს.
თუ გონება ფიქრობს ჭეშმარიტ აზრებს, თუ ენა საუბრობს ჭეშმარიტ სიტყვებს და თუ მთელი ცხოვრება ჭეშმარიტებას ეფუძნება, მაშინ ადამიანი მზადაა უსასრულობასთან შერწყმისთვის. რეალობა თავისი ფუნდამენტური ბუნებით არის სიყვარული და ჭეშმარიტება და ის ამ ორი ასპექტით გამოიხატება. იოგის ცხოვრება მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს რეალობის ამ ორ წახნაგს. სწორედ ამიტომ არის დაწესებული აჰიმსა, რომელიც არსებითად სიყვარულს ეფუძნება. სატია გულისხმობს სრულ ჭეშმარიტებას აზრში, სიტყვასა და საქმეში. სიცრუე ნებისმიერი ფორმით სადჰაკას აგდებს დისჰარმონიაში ჭეშმარიტების ფუნდამენტურ კანონთან.
ჭეშმარიტება მხოლოდ საუბრით არ შემოიფარგლება. არსებობს საუბრის ოთხი ცოდვა: შეურაცხყოფა და უხამსობა, სიცრუე, ცილისწამება ანუ ჭორაობა და ბოლოს — დაცინვა იმისა, რაც სხვებისთვის წმინდაა. ენატანია (ჭორიკანა) გველზე შხამიანია. მეტყველების კონტროლი იწვევს ბოღმის ამოძირკვას. როდესაც გონებას არავის მიმართ აქვს ბოღმა, ის ივსება ქველმოქმედებით ყველას მიმართ. მან, ვინც ისწავლა ენის კონტროლი, დიდი ზომით მიაღწია თვითკონტროლს. როდესაც ასეთი ადამიანი საუბრობს, მას პატივისცემითა და ყურადღებით უსმენენ. მის სიტყვებს იმახსოვრებენ, რადგან ისინი კეთილი და ჭეშმარიტია.
როდესაც ჭეშმარიტებაში დამკვიდრებული ადამიანი წმინდა გულით ლოცულობს, ის, რაც მას მართლა სჭირდება, მაშინ მოდის მასთან, როცა მართლა საჭიროა; მას არ უწევს მათზე დევნა. ჭეშმარიტებაში მტკიცედ დამკვიდრებული ადამიანი იღებს თავისი ქმედებების ნაყოფს ისე, რომ თითქოს არაფერს აკეთებს. ღმერთი, ყოველგვარი ჭეშმარიტების წყარო, უზრუნველყოფს მის საჭიროებებს და ზრუნავს მის კეთილდღეობაზე.
ასტეია. სურვილი, ფლობდე და ტკბებოდე იმით, რაც სხვას აქვს, უბიძგებს ადამიანს ბოროტი საქმეებისკენ. ამ სურვილიდან იღებს სათავეს ქურდობისა და ხარბი სურვილის (სხვისი კუთვნილისადმი) ლტოლვა. ასტეია (ა=არა, სტეია=ქურდობა), ანუ არქურდობა, მოიცავს არა მხოლოდ სხვისი კუთვნილის ნებართვის გარეშე აღებას, არამედ რაიმეს გამოყენებას განსხვავებული მიზნით, ვიდრე ეს განკუთვნილი იყო, ან მესაკუთრის მიერ დაშვებულ დროზე მეტხანს. შესაბამისად, ის მოიცავს მითვისებას, ნდობის ბოროტად გამოყენებას, არასათანადო მართვასა და უკანონო გამოყენებას. იოგი თავის ფიზიკურ საჭიროებებს მინიმუმამდე ამცირებს, რადგან სწამს, რომ თუ ის აგროვებს ნივთებს, რომლებიც მას სინამდვილეში არ სჭირდება, ის ქურდია.
მაშინ, როცა სხვა ადამიანები ესწრაფვიან სიმდიდრეს, ძალაუფლებას, დიდებას ან სიამოვნებას, იოგს მხოლოდ ერთი სწრაფვა აქვს — ეთაყვანოს უფალს. სწრაფვისგან (ვნებისგან) თავისუფლება საშუალებას იძლევა თავიდან აიცილო დიდი ცდუნებები. ვნება ამღვრევს სიმშვიდის ნაკადს. ის ამდაბლებს და რყვნის ადამიანებს, და ხეიბრად აქცევს მათ. ის, ვინც ემორჩილება მცნებას „არა იპარო“, ხდება ყველა საგანძურის სანდო მცველი.
ბრაჰმაჩარია. ლექსიკონის მიხედვით, ბრაჰმაჩარია ნიშნავს უცოლო/გაუთხოვარ ცხოვრებას, რელიგიურ შესწავლასა და თავშეკავებას. ითვლება, რომ თესლის დაკარგვა იწვევს სიკვდილს, ხოლო მისი შეკავება — სიცოცხლეს. თესლის შენარჩუნებით იოგის სხეული სასიამოვნო სურნელს იძენს. სანამ ის შენარჩუნებულია, სიკვდილის შიში არ არსებობს. აქედან გამომდინარეობს მითითება, რომ ის უნდა შენარჩუნდეს გონების კონცენტრირებული ძალისხმევით. ბრაჰმაჩარიას კონცეფცია არ არის უარყოფის, იძულებითი ასკეტიზმისა და აკრძალვის კონცეფცია. შანკარაჩარიას თანახმად, ბრაჰმაჩარი (ის, ვინც იცავს ბრაჰმაჩარიას) არის ადამიანი, რომელიც ჩაფლულია წმინდა ვედური ცოდნის შესწავლაში, მუდმივად მოძრაობს ბრაჰმანში და იცის, რომ ყველაფერი არსებობს ბრაჰმანში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, ვინც ხედავს ღვთაებრივს ყველაფერში, არის ბრაჰმაჩარი. პატანჯალი კი ხაზს უსვამს სხეულის, მეტყველებისა და გონების თავშეკავებას. ეს არ ნიშნავს, რომ იოგას ფილოსოფია მხოლოდ დაუქორწინებლებისთვისაა განკუთვნილი. ბრაჰმაჩარიას ცოტა რამ აქვს საერთო იმასთან, ადამიანი დაოჯახებულია თუ მეოჯახის ცხოვრებით ცხოვრობს. ადამიანმა ბრაჰმაჩარიას უმაღლესი ასპექტები ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა გადმოიტანოს. გადარჩენისთვის არ არის აუცილებელი იყო დაუქორწინებელი და უსახლკარო. პირიქით, ყველა სმრიტი (კანონთა კრებულები) რეკომენდაციას უწევს ქორწინებას. ადამიანური სიყვარულისა და ბედნიერების განცდის გარეშე შეუძლებელია შეიცნო ღვთაებრივი სიყვარული. ინდოეთის თითქმის ყველა ძველი იოგი და ბრძენი დაოჯახებული და ოჯახის პატრონი იყო. ისინი არ გაურბოდნენ თავიანთ სოციალურ ან მორალურ პასუხისმგებლობებს. ქორწინება და მშობლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას ღვთაებრივი სიყვარულის, ბედნიერებისა და უზენაეს სულთან ერთობის შეცნობაში.
განიხილავს რა იმ მაძიებლის მდგომარეობას, რომელიც მეოჯახეა, შივა სამჰიტა ამბობს: დაე, მან ივარჯიშოს ადამიანთა კომპანიისგან თავისუფალ, განცალკევებულ ადგილას. გარეგნულად ის უნდა დარჩეს საზოგადოებაში, მაგრამ მისი გული არ უნდა იყოს მასში. მან არ უნდა თქვას უარი თავისი პროფესიის, კასტის ან რანგის მოვალეობებზე; მაგრამ დაე, შეასრულოს ეს მოვალეობები როგორც უფლის ინსტრუმენტმა, შედეგებზე ფიქრის გარეშე. ის აღწევს წარმატებას იოგას მეთოდის გონივრული მიყოლით; ამაში ეჭვი არ არსებობს. რჩება რა ოჯახის წიაღში, მუდმივად ასრულებს რა მეოჯახის მოვალეობებს, ის, ვინც თავისუფალია დამსახურებებისა და ნაკლოვანებებისგან და მოთოკილი აქვს გრძნობები, აღწევს ხსნას. მეოჯახე, რომელიც იოგას პრაქტიკას ეწევა, არ არის შეხებაში სათნოებასთან ან მანკიერებასთან; თუ კაცობრიობის დასაცავად ის რაიმე ცოდვას ჩაიდენს, ის არ ბინძურდება ამით. (თავი V, მუხლები 234-8.)
როდესაც ადამიანი დამკვიდრებულია ბრაჰმაჩარიაში, ის გამოიმუშავებს სიცოცხლისუნარიანობისა და ენერგიის მარაგს, გაბედულ გონებასა და მძლავრ ინტელექტს, რათა შეძლოს ნებისმიერი ტიპის უსამართლობასთან ბრძოლა. ბრაჰმაჩარი გონივრულად გამოიყენებს მის მიერ გენერირებულ ძალებს: ფიზიკურს — უფლის საქმის საკეთებლად, მენტალურს — კულტურის გასავრცელებლად და ინტელექტუალურს — სულიერი ცხოვრების ზრდისთვის. ბრაჰმაჩარია არის ბატარეა, რომელიც სიბრძნის ჩირაღდანს ანთებს.
აპარიგრაჰა. პარიგრაჰა ნიშნავს დაგროვებას ან შეგროვებას. დაგროვებისგან თავისუფლება არის აპარიგრაჰა. ეს არის ასტეიას (არქურდობის) კიდევ ერთი წახნაგი. ისევე, როგორც ადამიანმა არ უნდა აიღოს ის, რაც მას სინამდვილეში არ სჭირდება, ასევე არ უნდა დააგროვოს ან შეაგროვოს ნივთები, რომლებიც მას მყისიერად არ ესაჭიროება. ასევე არ უნდა აიღოს არაფერი შრომის გარეშე ან როგორც წყალობა სხვისგან, რადგან ეს სულის სიღარიბეზე მიუთითებს. იოგი გრძნობს, რომ ნივთების შეგროვება ან დაგროვება გულისხმობს ღმერთისა და საკუთარი თავის მიმართ რწმენის ნაკლებობას, რომ უზრუნველყოფილი იქნება მისი მომავალი. ის ინარჩუნებს რწმენას მთვარის ხატების შემხედვარე. თვის ბნელ ნახევარში მთვარე გვიან ამოდის, როდესაც ადამიანთა უმეტესობას სძინავს და, შესაბამისად, ვერ აფასებს მის სილამაზეს. მისი ბრწყინვალება ილევა, მაგრამ ის არ უხვევს თავისი გზიდან და გულგრილია როცა ადამიანი მას არ აფასებს. მას სწამს, რომ ის კვლავ გაივსება, როდესაც მზის პირისპირ აღმოჩნდება და მაშინ ადამიანები მოუთმენლად დაელოდებიან მის დიდებულ ამოსვლას.
აპარიგრაჰას დაცვით, იოგი თავის ცხოვრებას მაქსიმალურად მარტივს ხდის და წვრთნის გონებას, რათა არ იგრძნოს რაიმეს დაკარგვა ან ნაკლებობა. მაშინ ყველაფერი, რაც მას სინამდვილეში სჭირდება, თავისთავად მივა მასთან შესაფერის დროს. ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება სავსეა უსასრულო შეშფოთებებითა და იმედგაცრუებებით და მათზე რეაქციებით. ამრიგად, თითქმის არ არსებობს გონების წონასწორობის მდგომარეობაში შენარჩუნების შესაძლებლობა. სადჰაკას გამომუშავებული აქვს უნარი, დარჩეს კმაყოფილი, რაც არ უნდა შეემთხვეს მას. ამგვარად ის მოიპოვებს მშვიდობას, რომელსაც გაჰყავს ილუზიისა და უბედურების სფეროების მიღმა, რომლითაც გაჟღენთილია ჩვენი სამყარო. ის იხსენებს დაპირებას, რომელიც შრი კრიშნამ მისცა არჯუნას ბჰაგავად გიტას მეცხრე თავში: „მათთვის, ვინც მხოლოდ მე მცემს თაყვანს ერთგული გონებით, ვინც ჰარმონიაშია ჩემთან ყოველ წამს, მე სრული უსაფრთხოება მომაქვს. მე დავაკმაყოფილებ მათ ყველა სურვილს და დავიცავ მათ სამუდამოდ.“




