ცერვიკალური (კისრის) კიფოზი
ცერვიკალური კიფოზი, რომელსაც ასევე „ჯარისკაცის კისერსაც“ ეძახიან, ვითარდება მაშინ, როდესაც ხერხემლის კისრის ნაწილი სწორდება ან ბუნებრივი, უკან მიმართული რკალის ნაცვლად, წინ იზნიქება. კიფოზის მძიმე ფორმამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, ნევროლოგიური სიმპტომები და შრომისუნარიანობის დაკარგვა (შეზღუდული შესაძლებლობები). ხერხემლის ფორმის აღსადგენად და სიმპტომების შესამსუბუქებლად არსებობს როგორც კონსერვატიული (არაოპერაციული), ისე ქირურგიული მკურნალობის მეთოდები.
მიმოხილვა
რა არის ცერვიკალური კიფოზი?
როდესაც სხეულს პროფილში ვუყურებთ, ნორმალურია, როცა კისერს აქვს ბუნებრივი C-ს ფორმის მრუდე. C-ს ღია მხარე მიმართულია ზურგისკენ. ამ ტიპის გამრუდებას ლორდოზი ეწოდება. ცერვიკალური კიფოზის დროს, ეს მრუდე სწორდება ან სრულიად შებრუნდება და C-ს ღია მხარე სხეულის წინა ნაწილისკენ არის მიმართული. კისრის მრუდე განსაზღვრავს თქვენი ბუნებრივი მზერის დონეს.
ცერვიკალურ კიფოზს ზოგჯერ „ჯარისკაცის კისერსაც“ უწოდებენ, რადგან ის იწვევს ჯარისკაცის მსგავს, გაჭიმულ პოზას. უფრო მძიმე შემთხვევებში, კისრის გამრუდება იწვევს ადამიანის ბუნებრივი მზერის ქვემოთ დახრას.
რა არის ხერხემლის კისრის ნაწილი (ცერვიკალური ხერხემალი)?
ხერხემლის კისრის ნაწილი შედგება შვიდი ძვლისგან (მალისგან), რომლებიც იწყება უშუალოდ თავის ქალის ქვემოთ. თითოეულ მალას შორის მოთავსებულია დისკოები, რომლებიც ძვლებს შორის ამორტიზატორის ფუნქციას ასრულებენ, რათა ისინი ერთმანეთს არ გაეხახუნოს. კუნთებისა და იოგების ძლიერი ქსელი მალებს თავის ადგილზე აკავებს და კისერს ძალასა და მოქნილობას ანიჭებს.
ხერხემლის კისრის ნაწილი აკავებს თავს და გაძლევთ მისი მოძრაობისა და მობრუნების საშუალებას. კისრის ნაწილიდან გამომავალი ნერვები ვრცელდება მთელ სხეულში და აკონტროლებს სხეულის უამრავ ფუნქციას, როგორიცაა სუნთქვა და ზედა ტანის მოძრაობა.
სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები
ვინ არის ცერვიკალური კიფოზის განვითარების რისკის ქვეშ?
ცერვიკალური კიფოზი იშვიათი მდგომარეობაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში.
რა იწვევს ცერვიკალურ კიფოზს?
გავრცელებული მიზეზებია:
- მაანკილოზებელი სპონდილიტი – დაავადება, რომლის დროსაც ხდება მალების შეზრდა.
- დისკოს დეგენერაციული დაავადება – მდგომარეობა, როდესაც მალთაშუა დისკოები ცვდება.
- ხერხემლის თანდაყოლილი ანომალიები.
- ხერხემლის სიმსივნეები.
- ხერხემლის ტრავმა ან დაზიანება.
- წარსულში ჩატარებული ხერხემლის ოპერაცია.
შეიძლება თუ არა ქირურგიულმა ჩარევამ გამოიწვიოს ცერვიკალური კიფოზი?
მოზრდილებსა და ბავშვებს, რომლებსაც უტარდებათ ლამინექტომია, შესაძლოა განუვითარდეთ ცერვიკალური კიფოზი. ლამინექტომია არის ქირურგიული პროცედურა ზურგის ტვინზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, რასაც ყველაზე ხშირად ხერხემლის არხის სივრცეების შევიწროება (სპინალური სტენოზი) იწვევს.
ლამინექტომიის დროს, ქირურგი კვეთს ძვლის ნაწილს (ლამინას/მალის რკალს) წნევის მოსახსნელად. ზოგიერთ შემთხვევაში, ამ პროცედურამ შეიძლება შეცვალოს თავის დაყრდნობის მექანიზმი კისრის მალებზე, რაც იწვევს მის წინ გადახრას. როგორც კი ეს მოხდება, თავის წონა ინაცვლებს წინ, რასაც შედეგად მოჰყვება კიფოზური დეფორმაციის პროგრესირება.
რა არის ცერვიკალური კიფოზის სიმპტომები?
ცერვიკალურ კიფოზს ყოველთვის არ ახლავს სიმპტომები, ასაკთან ერთად კისრის მალების გარკვეული ხარისხით გასწორება ნორმალურია.
როდესაც ცერვიკალური კიფოზი იწვევს სიმპტომებს, ისინი დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე. სიმპტომები ასევე ხშირად დაკავშირებულია ნერვების მოჭყლეტასთან (რადიკულოპათია) ან ზურგის ტვინის კომპრესიასთან (მიელოპათია).
ცერვიკალური კიფოზის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
- თავისა და კისრის მოძრაობის დიაპაზონის შემცირება, მუდმივად ქვემოთ მიმართული მზერის ჩათვლით.
- ყლაპვის გაძნელება (დისფაგია).
- თავის ტკივილი.
- არასტაბილურობა სიარულისას.
- ხელებში ნატიფი მოტორული ფუნქციის დაკარგვა.
- კუნთების სისუსტე მხრებში, მკლავებში ან ხელის მტევნებში.
- ტკივილი კისრის, ზურგის, მხრების ან მკლავების არეში.
- შარდის ან განავლის შეკავების პრობლემები.
- ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება მხრებში, მკლავებში ან ხელებში.
დიაგნოზი და ტესტები
როგორ ისმება ცერვიკალური კიფოზის დიაგნოზი?
თქვენი ექიმი გამოგკითხავთ სამედიცინო ისტორიასა და სიმპტომებს და ჩაგიტარებთ ფიზიკურ გამოკვლევას. გამოკვლევა მოიცავს შემდეგი მახასიათებლების შეფასებას:
- ბალანსი.
- მოძრაობა.
- პოზა (აღნაგობა).
- რეფლექსები.
- ძალა.
სამედიცინო ვიზუალიზაციის ტესტები, რომლებიც ექიმს ეხმარება ცერვიკალური კიფოზის დიაგნოსტირებაში არის:
- კომპიუტერული ტომოგრაფია (CT სკანირება).
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI).
- რენტგენი.
მართვა და მკურნალობა
როგორ ინკურნება ცერვიკალური კიფოზი?
მსუბუქი ცერვიკალური კიფოზის დროს, ექიმი გირჩევთ კონსერვატიულ მკურნალობას. ნიშნავს მედიკამენტებს, რომლებიც დაგეხმარებათ ტკივილისა და ანთების შემცირებაში.
ფიზიკურმა თერაპიამ, როგორიცაა კისრის ვარჯიშები ან დაჭიმვა (ტრაქცია), ასევე შეიძლება შეამსუბუქოს ტკივილი და ხელი შეუწყოს კისრის ნორმალური მრუდის აღდგენას. თუმცა, მკურნალობის ეს ტიპი შეიძლება ყველასთვის ეფექტური არ აღმოჩნდეს.
როგორ იკურნება ცერვიკალური კიფოზი ქირურგიულად?
თუ გაწუხებთ ტკივილი ან ნევროლოგიური სიმპტომები, როგორიცაა კუნთების სისუსტე, ჩხვლეტის შეგრძნება ან კოორდინაციის პრობლემები, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ოპერაცია. ოპერაციის ტიპი დამოკიდებული იქნება იმაზე, აქვს თუ არა კისერს შენარჩუნებული გარკვეული მოქნილობა, თუ იგი რიგიდულია (უხეშია), როგორც ეს მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს ხდება. ხერხემლის კისრის ნაწილის აღსადგენად ქირურგები რამდენიმე ტექნიკას იყენებენ, მათ შორის:
- უკანა (პოსტერიორული) მიდგომები, როდესაც ჩარევა ხდება კისრის უკანა მხრიდან.
- წინა (ანტერიორული) მიდგომები, როდესაც ხერხემალთან წვდომა ხდება ყელის მიდამოდან.
- კომბინირებული წინა და უკანა მიდგომები.
ქირურგებმა შესაძლოა გადაჭრან ან ამოიღონ ძვლის ფრაგმენტები, ან ჩადგან ლითონის ფირფიტები, ღეროები და ხრახნები. ზოგადად, ქირურგიის მიზნებია:
- ზურგის ტვინისა და ნერვების კომპრესიის (მიჭყლეტის) მოხსნა.
- ხერხემლის ფორმის აღდგენა.
- ხერხემლის სტაბილიზაცია.
დამჭირდება თუ არა შემდგომი მოვლა?
კისრის ოპერაცია ჩვეულებრივ მოითხოვს საავადმყოფოში დარჩენას, დასვენების პერიოდს და შეზღუდულ მოძრაობას. ექიმი ყურადღებით დააკვირდება თქვენს გამოჯანმრთელების პროცესს. მიჰყევით თქვენი ექიმის მითითებებს იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ და რას უნდა აარიდოთ თავი ოპერაციის შემდეგ. ფიზიკური თერაპია დაგეხმარებათ უკეთესად იმოძრაოთ ნაკლები ტკივილით.
პერსპექტივა / პროგნოზი
როგორია პროგნოზი ცერვიკალური კიფოზის ოპერაციის შემდეგ?
ოპერაციების უმეტესობას თან ახლავს ინფექციის, სისხლდენის, თრომბების წარმოქმნისა და ანესთეზიაზე რეაქციის რისკი. ცერვიკალური კიფოზის ოპერაცია დამატებით შეიცავს ზურგის ტვინის დაზიანების რისკს. ასევე, ვინაიდან ხერხემალი მთელ სხეულს მიუყვება თავიდან მენჯამდე, ხერხემლის ერთ ნაწილში არსებული პრობლემის გამოსწორებამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები ხერხემლის სხვა ნაწილებში.
ზოგადად, ბავშვებისა და მოზრდილების უმეტესობა კარგად იტანს ოპერაციას. კისრის ღერძის გასწორებამ, ტკივილისა და სხვა სიმპტომების შემცირებამ შეიძლება რადიკალურად გააუმჯობესოს თქვენი ცხოვრების ხარისხი.
პრევენცია
როგორ ავიცილო თავიდან ცერვიკალური კიფოზი?
ხშირ შემთხვევაში, ცერვიკალური კიფოზის პრევენცია შეუძლებელია. თუ გაქვთ ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა მაანკილოზებელი სპონდილიტი ან დისკოს დეგენერაციული დაავადება, შეუთანხმდით თქვენს ექიმს ფიზიკური თერაპიისა და შესაბამისი ვარჯიშების შესახებ. რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას შეუძლია შეამციროს ტკივილი, გაზარდოს ძალა და მოქნილობა, და ხელი შეუშალოს ხერხემლის მდგომარეობის შემდგომ გაუარესებას. ზედმეტად დიდი ბალიშების გამოყენებისგან თავის არიდებამ შეიძლება შეამციროს კისრის მოხრა ძილის დროს გულაღმა წოლისას (სუპინაციის პოზიცია).
ცხოვრება დაავადებასთან ერთად
არის თუ არა ცერვიკალური კიფოზი შექცევადი?
ცერვიკალური კიფოზის დროს გამოხატული ხერხემლის წინ გამრუდება შექცევადია. ფიზიკური თერაპიით მკურნალობა შეიძლება ეფექტური იყოს მსუბუქ შემთხვევებში. თუ უფრო მძიმე კიფოზი გაქვთ, ქირურგიას შეუძლია ხერხემლის მრუდის გასწორება და სიმპტომების შემსუბუქება.
შენიშვნა კლივლენდის კლინიკისგან (Cleveland Clinic)
ცერვიკალურ კიფოზს შეუძლია გამოიწვიოს ტკივილი, შრომისუნარიანობის დაკარგვა და ცხოვრების ხარისხის დაქვეითება. თუ გაქვთ ეს მდგომარეობა, შეუთანხმდით თქვენს ექიმს მკურნალობის ვარიანტების შესახებ. მსუბუქი კიფოზის შემთხვევაში დაგეხმარებათ კონსერვატიული მკურნალობა, როგორიცაა მედიკამენტები და ფიზიკური თერაპია, თუ მდგომარეობა მძიმეა ქირურგიული ჩარევა შესაძლოა ხერხემლის ფორმის გასასწორებლად საუკეთესო გზა იყოს. თქვენი ექიმი დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, რომელი ვარიანტია თქვენთვის უპირატესი.







