
ანა ელანიძე
იოგას ინსტრუქტორი
ჰათჰა იოგა, აშთანგა იოგა მაისორი
გამოცდილება: 13 წელი
ინსტრუქტორის შესახებ
იოგა ჩემს ცხოვრებაში ადრეული ბავშვობიდან შემოვიდა, რამდენადაც მამაჩემი იყო იოგას პრაქტიკით დაინტერესებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ საბჭოთა კავშირში იოგა აკძალულიც კი იყო, ეს ყველაფერი ერთად ჩემს თვალში მას დამატებით მისტიურობასა და საკრალურობას სძენდა. ბავშვობაში და მოზარდობისას იოგათი ფრაგმენტულად ვიყავი დაკავებული, თუმცა, როგორც კი 2012 წლიდან იოგას სისტემატიური პრაქტიკა და შესწავლა დავიწყე, გამიჩნდა განცდა, რომ როგორც იქნა „შინ“ დავბრუნდი. ეს შეგრძნება დღემდე არ მტოვებს, იოგა დღემდე რჩება ჩემთვის გზად „შინისკენ“, ანუ რეალური საკუთარი თავისკენ. მალევე დავიწყე ინსტრუქტორად მუშაობაც, მსურდა ის უამრავი სიკეთე, რაც იოგამ ჩემს ცხოვრებაში მოიტანა, სხვებისთვისაც გამეზიარებინა. მიუხედავად იმისა, რომ თერაპიული იოგა ჩემი მთავარი ინტერესის სფეროა, ამ წლების განმავლობაში გავეცანი იოგას სხვადასხვა მიმდინარეობას, შესაბამის ლიტერატურას, სუნთქვით, მედიტაციურ თუ ენერგეტიკულ პრაქტიკებს. იოგაში თავად მარად მოსწავლედ ვრჩები, რადგან იოგა ეს არის ამოუწურავი ცოდნა ადამიანსა და ცხოვრებაზე, ასევე ტოტალური შინაგანი ტრანსფორმაციის და თავისუფლების საიმედო გზა.
სწავლების მეთოდი
საჭიროების შესაბამისად ვიყენებ იოგას შერეულ სტილს, ვავარჯიშებ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად და ონლაინ. ვარჯიშების შერჩევისას ვითვალისწინებ ინდივიდუალურ მდგომაროებას, ასაკს, ჯანმრთელობას, გადატანილ ტრავმებს, ასაკობრივ თავისებურებებს, ფსიქოლოგიურ თუ მენტალურ მდგომარეობას. ყველას აქვს საშუალება, სიტუაციიდან და კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე, ივარჯიშოს საკუთარ ტემპში, დააკორექტიროს, გაზარდოს ან შეამციროს ვარჯიშების რაოდენობა. ყურადღებას განსაკუთრებულად ვამახვილებინებ სუთქვასა და შეგრძნებებზე. რეალურ დროში საკუთარ სხეულზე და სუნთქვაზე დაკვირვება, კონცენტრაციის გაზრდისა და სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა. ვარჯიში სრულდება შავასანით. ინსტრუქტორად მუშაობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ, უამრავი, უნიკალური, ფიზიკური თუ შინაგანი ტრანსფორმაციისა და ცვლილების მოწმედ ყოფნის საშუალება მომცა, რამაც კიდევ ერთხელ დამიდასტურა იოგას მრავალმხრივი ეფექტურობა და მისი უსაზღვრო შესაძლებლობები.
