
ნინო იაშვილი
იოგას ინსტრუქტორი
გამოცდილება 12 წელი
ინსტრუქტორის შესახებ
ჩემი გზა იოგამდე და იოგასთან ერთადიოგას ვარჯიში 2012 წლის გაზაფხულზე, 30 წლის ასაკში დავიწყე ჰათჰა იოგა, რადგან ეს როგორც ფიზიკურად ისე მენტალურად მჭირდებოდა. 19 წლის ასაკში ლეიკემიის დიაგნოზის და ინტენსიური ქიმიოთერაპიის შედეგად, დაზიანებული ჯანმრთელობა, განადგურებული თვითშეფასება და მიმუდმივი ზოგადი სისუსტე მივიღე. დაახლოებით ათი წლის განმავლობაში, ჩემი ერთადერთი ფიზიკური აქტივობა სეირნობა, საათობით არფასთან ჯდომა და დაკვრა იყო. ამიტომ ფიზიკური დატვირთვა მარტივი არ აღმოჩნდა. ზაფხულში ვარჯიში შევწყვიტე — სიცხეში მოძრაობაც კი ძალიან მიჭირდა. თუმცა შემოდგომაზე ისევ დავბრუნდი იოგაზე და მალევე შევამჩნიე პირველი ცვლილება: ნელ-ნელა მატულობდა ჩემი გამძლეობა. ეს პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.2014 წლის აგვისტოში გიორგი ბერძენიშვილთან აშტანგა იოგას პრაქტიკა დავიწყე. თავიდან ეს ჩემთვის საშინლად დამქანცველი იყო. ჩემი სხეული არ იყო მიჩვეული ასეთ დატვირთვას, მაგრამ დანებება ერთხელაც არ მიფიქრია. ვაგრძელებდი მუშაობას და უკვე მომდევნო წლის ზაფხულში, ჩემთვის იმ დროსთვის წარმოუდგენელი შედეგი მივიღე — სიცხეშიც კი მთელი სერიის შესრულება შემეძლო. ეს მხოლოდ ფიზიკური მიღწევა არ ყოფილა. ეს იყო იმის დასტური, რომ სხეულს, რომელსაც წლების განმავლობაში ბევრი რამ ჰქონდა გადატანილი, კვლავ შეეძლო გაძლიერება და აღდგენა.2014 წლის ოქტომბერში მე და გიორგი მანჯუ ჯოისის მაისორის კლასებზე გავემგზავრეთ. მაღალი დონის პრაქტიკოსებთან ერთად, უდიდეს გურუსთან — მანჯუ ჯოისთან — ვარჯიში ჩემთვის დაუვიწყარი გამოცდილება აღმოჩნდა. ამ მოგზაურობამ კიდევ უფრო გამიღრმავა სურვილი, გამეგრძელებინა აშტანგა იოგას გზა.იმავე ვიზიტის დროს ბერლინში კინო მაკგრეგორის ვორქშოპშიც მივიღე მონაწილეობა. სწორედ ასეთი გამოცდილებების შემდეგ იოგა თანდათან ჩემი მოგზაურობების განუყოფელ ნაწილად იქცა. სადაც უნდა წავიდე, ვცდილობ, ადგილობრივ აშტანგა იოგას სტუდიას ვეწვიო — სხვადასხვა მასწავლებელთან ვივარჯიშო, მივიღო სწავლების განსხვავებული მიდგომები და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თითოეული სტუდიის განსაკუთრებული ენერგია ვიგრძნო.2016 წელს ვალენსიაში კოსმინ იანკუს, მანჯუ ჯოისის მოსწავლის, მაისორის კლასებზე ვივარჯიშე.2022 წელს ისევ ბერლინში დავბრუნდი და აშტანგა იოგას სტუდიაში მანჯუ ჯოისის მაისორის სესიებს დავესწარი.2024 წელს ბარსელონაში ელენა ფიგაროლას სტუდიაში ვივარჯიშე. ელენა პათაბი ჯოისის მოსწავლე იყო და მასთან პრაქტიკამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება შემძინა. იმავე წლის შემოდგომაზე პარიზის აშტანგა იოგას სტუდიაში ლინდა მონროსთან ვივარჯიშე.2025 წელს კი ისევ პარიზში, ლინდა მონროს სტუდიაში, ჩემი საოცნებო მასწავლებლის — დევიდ სვენსონის — მასწავლებელთა ინტენსიურ კურსს დავესწარი.ეს ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო, როგორც მასწავლებლისთვის და, ამავე დროს, როგორც მოსწავლისთვის. ერთი მხრივ, მივიღე ცოდნა როგორ დავეხმარო მოსწავლეს, როგორ შევუსწორო პრაქტიკა. მეორე მხრივ კი თავად აღმოვჩნდი მოსწავლის როლში — მივიღე დახმარება, კორექცია და ახალი ხედვები საკუთარი პრაქტიკისთვის.2026 წელს კი მე და ჩემი სტუდიის წევრებს შესაძლებლობა გვქონდა, გვემუშავა ამერიკაში მოღვაწე ქართველ აშტანგა იოგას მასწავლებელთან, გიორგი სავანელთან — სავასთან. გიორგი ორჯერ ესტუმრა ჩემს სტუდიას და ჩვენთვის ეს შეხვედრები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. იგი პათაბი ჯოისის შვილიშვილის, შარათ ჯოისის, მოსწავლეა. მისგან მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ ჩვენი პრაქტიკისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება შექმნა.საკუთარი სივრცის შექმნის სურვილისაკუთარი სტუდიის იდეა, სინამდვილეში, ჩემი ბავშვობის ოცნების გაგრძელებაა — ოღონდ სხვა ფორმით.ბავშვობაში საკუთარი სახელოვნებო სკოლის შექმნაზე ვოცნებობდი. იოგას პრაქტიკის დაწყებიდან კი ეს ოცნება თანდათან გარდაიქმნა სურვილად, შემექმნა ისეთი სივრცე, სადაც ადამიანები თავს მყუდროდ, უსაფრთხოდ და მიღებულად იგრძნობდნენ; სივრცე, სადაც შეძლებდნენ საკუთარი თავის პოვნას, გაძლიერებას და გაჯანსაღებას.იოგამ ჩემში ძალიან დიდი ტრანსფორმაცია მოახდინა — როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ დონეზე. ამიტომ ყოველთვის მქონდა და მაქვს სურვილი, ეს გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც ონკოლოგიური მკურნალობის შემდეგ აგრძელებენ ცხოვრებას და ხშირად სწორედ ამ ეტაპზე სჭირდებათ ყველაზე მეტი ფიზიკური და ემოციური მხარდაჭერა.
სწავლების მეთოდი
ჩემს პრაქტიკაში განსაკუთრებული ადგილი აქვს აშტნგა იოგას და განსაკუთრებით მის სწავლების მეთოდს – მაისორის სტილს.გამოცდილებამ ერთი მნიშვნელოვანი რამ დამანახა: სწორად დაგეგმილი განვითარების გზის შემთხვევაში ასაკსა და შესაძლებლობას შორის ზღვარი თანდათან ქრება. ყველა სხეული განსხვავებულია. ყველა ადამიანს თავისი ისტორია, შესაძლებლობები, შიში და განვითარების ტემპი აქვს. ამიტომ ჩემთვის იოგა არასოდეს ყოფილა მხოლოდ პოზების სწორად შესრულება ან ფიზიკური ძალის განვითარება.ეს არის ურთიერთობა – მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ნდობის შექმნა, ერთმანეთის მოსმენა, დაკვირვება და მუდმივი, თანმიმდევრული მუშაობა.სწორედ ამ ურთიერთობაში იწყება ცვლილება.ჩემი გზა ჯანმრთელობის პრობლემებიდან დაიწყო. შემდეგ ის პრაქტიკად იქცა, პრაქტიკა — პროფესიად და ეს გზა ჯერ არ დასრულებულა.

