
ნათია ნათენაძე (ჯუნო)
იოგას ინსტრუქტორი
გამოცდილება 7 წელი
ინსტრუქტორის შესახებ
იოგაზე პირველად 2016 წელს გავიგე სოციალური ქსელის მეშვეობით. დავიწყე თეორიულ და პრაქტიკულ შეხვედრებზე დასწრება და სახლში ასანების პრაქტიკა. ჩემი ინტერესი თავიდან იყო უფრო მეტად ასანები (პოზები), შემდგომ კი გავხდი დავით კანდელაკის მოსწავლე, მან გამაცნო იოგას დანიშნულება, სწავლების წესები და თვითშემეცნების რესურსები. შემდეგ უკვე მეც დავიწყე ინსტრუქტორობა ცნობილ სპორტ-დარბაზებში ინდივიდუალურად და ჯგუფურად. ეს წლები წარმატებული აღმოჩნდა, მეც საკმაო გამოცდილება შევივსე. 2020 წელს კი ინდოეთში გავიარე კურსი და გავეცანი ჰათჰა, აშთანგა, ვინიასა იოგას, ასევე იოგას ანატომიას-ფილოსოფიას და სხვა. რამაც მეტი თავდაჯერება და სიმყარე მომცა ჩემს არჩეულ გზაზე როგორც იოგას ინსტრუქტორი. შემდგომ შევისწავლე პრენატალური და პოსტნატალური იოგას მიმართულებებიც. დღეს უკვე ვარ პატარას დედაც და ჩემს მოსწაცლეებთან ერთად მინდა მასაც მივცე ჯანსაღი მაგალითი.
სწავლების მეთოდი
ჩემი სწავლების მეთოდი უმეტესად მოიცავს ჯგუფურ ჰათჰა იოგას მიმართულებას, როდესაც საშუალოდ 1 საათის განმავლობაში ვთავაზობ ასანების მრავალფეროვან, განსხვავებული პოზიციებისა და დატვირთვის პროგრამებს. აუცილებლად გათვალისწინებულია ინდივიდი, მისი შეგრძნებები, ფიზიკურობა, მდგომარეობა. უსაფრთხოება პირველ ადგილზე დგას, შემდგომ კი მოსწავლე იღებს მოქნილ მშვიდ სხეულს, სწავლობს სუნთქვის მოსმენას, ააქტიურებს კუნთოვან სისტემას. გაკვეთილის დასაწყისი და დასასრული არის ფაქიზი, რომ არ ავცდეთ იოგას მთავარ დანიშნულებას – დააბალანსოს ადამიანის ორგანიზმის სისტემები და დაეხმაროს მას ყოფით ცხოვრებაშიც გადაიტანოს ეს სარგებელი. ინდივიდუალურ შეხვედრებზეც მსგავსად მივყვებით პროცესს, მეტ ყურადღებას ვამახვილებ მოსწავლის მოთხოვნილებებზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სხვა.

