# კი­ფო­ზი

> Source: https://yogahub.online/kiphozi/
> Author: ეკატერინე სამხარაძე
> Published: 2026-09-23
> Updated: 2026-09-24

### [წყარო: კლივლენდის კლინიკა](https://my.clevelandclinic.org/health/diseases/17671-kyphosis)

## კიფოზი (Kyphosis)

კიფოზი წარმოადგენს ხერხემლის ზედმეტად წინ მიმართულ გამრუდებას. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს წინ გადახრა, თითქოს მოკუზული ხართ. აგრეთვე ზურგის ტკივილი და კუნთების შებოჭილობა. კიფოზის სამკურნალოდ არსებობს როგორც არაქირურგიული (კონსერვატიული), ისე ქირურგიული მკურნალობის ვარიანტები.

## მიმოხილვა

კიფოზი იწვევს ხერხემლის გარე მიმართულებით გამრუდებას. ამის გამო შეიძლება ჩანდეს, თითქოს მოხრილი ხართ.

### რა არის კიფოზი?

კიფოზი არის მდგომარეობა, როდესაც ხერხემალი ნორმაზე მეტად მრუდდება გარე მიმართულებით. ეს იწვევს ზურგის ზედა ნაწილის, გულმკერდის არის (ხერხემლის ნაწილი კისერსა და ნეკნებს შორის) წინ გადახრას. გამრუდებამ შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს მოკუზული ან მოხრილი ხართ. ადამიანები მას ხშირად "კუზს" უწოდებენ.

თქვენს ხერხემალს ბუნებრივი სიმრუდეები გააჩნია. ეს სიმრუდეები ხელს უწყობს პოზის შენარჩუნებას და გამართულად დგომას. თუმცა, ჭარბმა გამრუდებამ შეიძლება იმოქმედოს თქვენს სხეულზე და გაართულოს დგომა.

უმეტეს შემთხვევაში, კიფოზი არ იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს და არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. თუმცა, მან შეიძლება შეგიქმნათ დისკომფორტი დარღვეული ტანადობის გამო. მძიმე შემთხვევებში, კიფოზმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ან სუნთქვის პრობლემები. გართულებული კიფოზის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევაც.

#### რა ტიპის კიფოზები არსებობს?

არსებობს კიფოზის რამდენიმე ტიპი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:

#### • პოსტურალური კიფოზი:

ეს კიფოზის ყველაზე გავრცელებული ტიპია. ის ძირითადად მოზარდობის ასაკში ვითარდება. მოხრილობა ან ცუდი პოზა ჭიმავს იოგებსა და კუნთებს, რომლებსაც მალები (ხერხემლის ძვლები) უჭირავს. დაჭიმულობა მალებს ნორმალური პოზიციიდან აშორებს, რაც ხერხემლის მომრგვალებას უწყობს ხელს. უმეტესად ეს გოგონებთან გვხვდება, ნაკლებად ბიჭებთან და როგორც წესი, არ იწვევს ტკივილს.

#### • შოიერმანის (Scheuermann) კიფოზი:

ეს ტიპი ვითარდება მაშინ, როდესაც მალებს მოსალოდნელისგან განსხვავებული ფორმა აქვთ. მართკუთხა ფორმის ნაცვლად, მალებს სოლისებრი ფორმა აქვს. სოლისებრი ძვლები წინ იხრება, რაც ხერხემალს მორკალულ იერს აძლევს. ეს უმეტესად ბიჭებთან გვხვდება. შოიერმანის კიფოზი შესაძლოა ახლდეს ტკივილი, განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობის ან დიდხანს დგომის/ჯდომის დროს. პოზის ან მდგომარეობის შეცვლა არ ცვლის სიმრუდეს, რადგან მალები არ არის მოქნილი.

#### • თანდაყოლილი (Congenital) კიფოზი:

თანდაყოლილი ნიშნავს, რომ მდგომარეობა დაბადებიდანვე აღინიშნება. თანდაყოლილი კიფოზი ვითარდება, როდესაც საშვილოსნოში ხერხემალი ვერ ვითარდება სწორად ან არ ვითარდება ბოლომდე. ზრდასთან ერთად მისი სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს. ბავშვობის ასაკში ხერხემლის სიმრუდის გამოსასწორებლად და მისი გაუარესების თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია ქირურგიული ჩარევა. ის შეიძლება გამოვლინდეს ზრდის სხვა თანდაყოლილ დეფექტებთან ერთად, მაგალითად, ისეთებთან, რომლებიც გულსა და თირკმელებზე მოქმედებს.

#### • ცერვიკალური (კისრის) კიფოზი (ე.წ. სამხედრო კისერი):

ეს ტიპი ვითარდება, როდესაც ხერხემლის კისრის ნაწილი (თავის ფუძიდან ზურგის ზედა ნაწილამდე) იხრება წინ, ნაცვლად მისი ბუნებრივი უკანა სიმრუდისა. [(იხილეთ ვრცლად)](https://yogahub.online/kisris-kiphozi/)

#### • ჰიპერკიფოზი:

ჰიპერკიფოზი არის ხერხემლის მძიმე ფორმის წინ მიმართული გამრუდება. სიმრუდე 50 გრადუსს აღემატება. ეს ტიპი ხშირია 40 წლის ასაკის შემდეგ.

#### რამდენად გავრცელებულია კიფოზი?

აშშ-ში სასკოლო ასაკის ბავშვების 8%-ზე ნაკლებს აღენიშნება შოიერმანის კიფოზი. ჰიპერკიფოზი (მძიმე კიფოზი) გვხვდება 60 წელს ზემოთ ასაკის ზრდასრულების დაახლოებით 20%-დან 40%-მდე. საშუალოდ, ხერხემლის ზედა ნაწილის წინ მიმართული კუთხე ყოველ დეკადაში (10 წელიწადში) დაახლოებით 3 გრადუსით იზრდება.

### სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები

#### რა არის კიფოზის სიმპტომები?

კიფოზის ძირითადი სიმპტომებია:

- მომრგვალებული მხრები.
- სიმრუდე ან კუზი ზურგის ზედა ნაწილში.
- ბარძაყის უკანა კუნთების (ჰამსტრინგების) დაჭიმულობა.

მძიმე კიფოზმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები:

- ტკივილი ან შებოჭილობა ზურგსა და ბეჭებში.
- ფეხების დაბუჟება, სისუსტე ან ჩხვლეტის შეგრძნება.
- უკიდურესი დაღლილობა.
- წონასწორობის პრობლემები.
- შარდის ან განავლის შეუკავებლობა.
- ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება.

თუ გაგიძნელდათ სუნთქვა, დაუკავშირდით 112-ს ან ადგილობრივ გადაუდებელი დახმარების სამსახურს.

#### რა იწვევს კიფოზს?

კიფოზის გამომწვევი მიზეზები განსხვავდება ტიპის მიხედვით, მაგრამ შეიძლება მოიცავდეს:

- ცუდ პოზას.
- ხერხემლის ძვლების სტრუქტურულ ანომალიებს.
- ძვლის ზრდის ანომალიებს (ძვლის ფორმა).
- ხერხემლის ტრავმას.
- თქვენს ასაკს.

#### შეიძლება თუ არა კიფოზი სქოლიოზში გადაიზარდოს?

არა. კიფოზი და სქოლიოზი ორივე ხერხემლის პათოლოგიაა. ისინი შეიძლება ერთდროულად გამოვლინდეს, მაგრამ ერთი მეორეს არ იწვევს. კიფოზი არის ხერხემლის ანომალიური გამრუდება წინიდან უკან. სქოლიოზი კი არის ხერხემლის ანომალიური გამრუდება მარცხნიდან მარჯვნივ ან გვერდულად.

#### რა არის კიფოზის რისკ-ფაქტორები?

პოსტურალური და შოიერმანის კიფოზის დიაგნოზი ყველაზე ხშირად ისმება 13-დან 16 წლამდე ასაკში. ეს გამოწვეულია იმით, რომ მოზარდების ძვლები სწრაფად იზრდება. თუმცა, ის შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ადამიანში, ნებისმიერ ასაკში. ასაკის მატებასთან ერთად, მალები კარგავენ მოქნილობას და ხერხემალმა შეიძლება წინ გადახრა დაიწყოს. ასევე, შესაძლებელია დაიბადოთ კიფოზის თანდაყოლილი ფორმით. ეს შეიძლება განვითარდეს ჯანმრთელობის სხვა ძირითად პრობლემებთან ერთად, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს ზრდასა და განვითარებაზე საშვილოსნოში.

#### რა გართულებები ახასიათებს კიფოზს?

მსუბუქი კიფოზის დროს გართულებები ხშირი არ არის, მაგრამ ისინი შეიძლება განვითარდეს ხერხემლის მძიმე გამრუდებისას. გართულებები შეიძლება მოიცავდეს:

- ზურგის ტკივილს.
- სიარულის გაძნელებას.
- ფილტვებზე ზეწოლას (სუნთქვის გაძნელება).
- ნევროლოგიურ პრობლემებს (ნერვების მოყოლა / ჩაჭედვა).

### დიაგნოზი და ტესტები

#### როგორ ისმება კიფოზის დიაგნოზი?

ბავშვებში, თქვენ (ბავშვის მომვლელმა) ან სკოლის ექიმმა (ექთანმა) შეიძლება შენიშნოთ კიფოზის სიმპტომები, განსაკუთრებით სკოლაში სქოლიოზის სკრინინგის დროს. დიაგნოზის დასადასტურებლად სკოლამ შესაძლოა რეკომენდაცია გაუწიოს ბავშვის პირველადი ჯანდაცვის ექიმთან ვიზიტს. ნებისმიერ ასაკში, თქვენი მკურნალი ექიმი კიფოზის დიაგნოზს ფიზიკური გასინჯვის შემდეგ დასვამს. გასინჯვის დროს ექიმი მოგთხოვთ თქვენ ან თქვენს შვილს შეასრულოთ გადახრის ტესტი. თქვენ უნდა დადგეთ შეტყუპებული ფეხებით, სწორი მუხლებით და გვერდებზე ჩამოშვებული ხელებით. შემდეგ ნელა გადაიხრებით წინ, ისე რომ ფეხებს უყურებდეთ. ეს ტესტი ეხმარება ექიმს დაინახოს ხერხემლის სიმრუდე ან ხერხემლის სხვა პრობლემები.

#### რა ტესტებით დგინდება კიფოზი?

ხერხემლის რენტგენი ეხმარება ექიმს ხერხემლის სიმრუდის გაზომვასა და დიაგნოზის დასმაში. ბუნებრივი სიმრუდე 20-დან 45 გრადუსამდეა. ექიმი კიფოზის დიაგნოზს დასვამს, თუ სიმრუდე 50 გრადუსზე მეტია. გარდა ამისა, ექიმმა შესაძლოა შემოგთავაზოთ სხვა ტესტები იმის გასარკვევად, არის თუ არა თქვენი სიმპტომები ძირითადი დაავადების შედეგი, ან ახდენს თუ არა ხერხემლის სიმრუდე გავლენას სხეულის სხვა ნაწილებზე. ტესტები შეიძლება მოიცავდეს:

- ფილტვის ფუნქციურ სინჯს (სპირომეტრიას), ფილტვების მუშაობის შესაფასებლად.
- მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (MRI) იმის დასადგენად, იწვევს თუ არა ხერხემლის სიმრუდე ზეწოლას ზურგის ტვინის ნერვებზე.

### მართვა და მკურნალობა

#### როგორ იკურნება კიფოზი?

კიფოზის მკურნალობა სხვადასხვაგვარია და შეიძლება მოიცავდეს:

#### • ფიზიკური თერაპია (ფიზიოთერაპია):

ვარჯიშები აძლიერებს მუცლისა და ზურგის კუნთებს ტკივილის შესამსუბუქებლად და ტანადობის გასაუმჯობესებლად. ვარჯიშს ასევე შეუძლია დაჭიმული ჰამსტრინგების გაწელვა და სხეულის სხვა უბნების გაძლიერება.

#### • ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები:

ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ხსნის ზურგის ტკივილს.

#### • ზურგის კორსეტი (ბრეკეტი):

ექიმმა შეიძლება გირჩიოთ კორსეტის ტარება. ეს ყველაზე ხშირად ინიშნება შოიერმანის კიფოზის მქონე ბავშვებში, რომლებიც ჯერ კიდევ იზრდებიან. ექიმი განიხილავს კორსეტის ტიპს და მისი ტარების ხანგრძლივობას დღის განმავლობაში.

#### • ქირურგიული ჩარევა:

ქირურგიულ პროცედურას შეუძლია ხერხემლის გამრუდების შემცირება. კიფოზის ყველაზე გავრცელებული ქირურგიული ჩარევაა სპინალური ფიუჟენი (მალების შერწყმა). ამ პროცედურის დროს ქირურგი მალებს სწორ პოზიციაში აბრუნებს. შემდეგ მათ ერთმანეთთან აერთებს (აშიშვლებს) მცირე ზომის ძვლის ნატეხების გამოყენებით, რითაც ავსებს მალებს შორის არსებულ სივრცეებს. შეხორცების პროცესში მალები ერთიანდება ანუ ერწყმის ერთმანეთს. ეს პროცედურა ამცირებს სიმრუდის სიმძიმეს.

### როგორ გადაწყვეტს ჩემი ექიმი, თუ რა სახის მკურნალობა მჭირდება?

ექიმი შეისწავლის თქვენს ხერხემალს და შემოგთავაზებთ მკურნალობის ვარიანტებს შემდეგ ფაქტორებზე დაყრდნობით:

- ასაკი.
- სამედიცინო ისტორია.
- ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
- კიფოზის ტიპი.
- სიმრუდის სიმძიმე.
- სუნთქვის გაძნელება.

ხერხემლის ქირურგიული ჩარევა შეიძლება დაგენიშნოთ, თუ გაქვთ:

- თანდაყოლილი კიფოზი.
- შოიერმანის კიფოზი 75 გრადუსზე მეტი სიმრუდით.
- ზურგის ძლიერი ტკივილი, რომელიც არ გადის არაქირურგიული ან კონსერვატიული მკურნალობის შემდეგაც.

#### აქვს თუ არა მკურნალობას გვერდითი მოვლენები?

მკურნალობის თითოეულ ტიპს ახლავს შესაძლო გვერდითი მოვლენები. მკურნალობის დაწყებამდე ესაუბრეთ ექიმს რისკებისა და გვერდითი მოვლენების გასაგებად. მაგალითად, ოპერაციის გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს ინფექციას და სისხლდენას განაკვეთის არეში.

### პერსპექტივა / პროგნოზი

#### რას უნდა ველოდო, თუ კიფოზი მაქვს?

კიფოზი ხერხემლის განკურნებადი დაავადებაა. სიმრუდემ შეიძლება გამოიწვიოს ან არ გამოიწვიოს ტკივილი და შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოთ ის, სანამ ექიმი არ გეტყვით გასინჯვის დროს. მკურნალობის მიზანია სიმრუდის გაუარესების შეჩერება. მძიმე შემთხვევებში შეიძლება დაგჭირდეთ ოპერაცია. თუმცა, კიფოზის მქონე ადამიანების უმეტესობას ოპერაცია არ სჭირდება.

#### შეიძლება თუ არა კიფოზი დაბრუნდეს?

კიფოზი შეიძლება დაბრუნდეს მკურნალობის შემდეგაც. ტანადობის გასაუმჯობესებლად შესაძლოა დაგჭირდეთ ცხოვრების წესის შეცვლა. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტად უნდა აკონტროლოთ როგორ ზიხართ, დგახართ და მოძრაობთ მთელი დღის განმავლობაში. მაგალითად, შეიძლება გადაწყვიტოთ გამოიყენოთ გორგოლაჭებიანი ჩანთა ნაცვლად ზურგჩანთით სასკოლო წიგნების ტარებისა. ესაუბრეთ ექიმს იმის შესახებ, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ კიფოზის დაბრუნების თავიდან ასაცილებლად.

#### როგორია კიფოზის პროგნოზი?

კიფოზის ადრეული დიაგნოსტიკა საუკეთესო შედეგს იძლევა. ადრეული დიაგნოზის მქონე ადამიანების უმეტესობას ოპერაცია არ სჭირდება და შეუძლია მდგომარეობის მართვა არაქირურგიული მეთოდებით. მკურნალობის გარეშე კიფოზი შეიძლება გაუარესდეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება. მნიშვნელოვანია კიფოზის რეგულარული კონტროლი ექიმთან მთელი ცხოვრების განმავლობაში, მკურნალობის დასრულების შემდეგაც კი.

### პრევენცია

#### შესაძლებელია თუ არა კიფოზის პრევენცია?

კიფოზის ყველა ტიპის თავიდან აცილება შეუძლებელია. თუმცა, პოსტურალური კიფოზის პრევენციისთვის შეგიძლიათ გადადგათ შემდეგი ნაბიჯები:

- შეინარჩუნეთ სწორი პოზა.
- გაიძლიერეთ მუცლისა და ზურგის კუნთები.
- შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა.
- ატარეთ ჩანთები ან სასკოლო ნივთები მყარი ზურგჩანთით ან გორგოლაჭებიანი ჩანთით.
- ივარჯიშეთ კუნთების გასაძლიერებლად და მოქნილობის შესანარჩუნებლად.

### მდგომარეობასთან თანაცხოვრება

#### როდის უნდა მივმართო ექიმს?

მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ხერხემლის სიმრუდეს თქვენ თავს ან თქვენს შვილს, რაც გავლენას ახდენს ტანადობაზე. ექიმს შეუძლია შეაფასოს სიმპტომები და დაგეხმაროთ პოზის გაუმჯობესებაში, საჭიროების შემთხვევაში. თუ გაგიძნელდათ სუნთქვა, მიმართეთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

#### რა კითხვები უნდა დავუსვა ექიმს?

თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ კიფოზი, ჰკითხეთ ექიმს:

- რამდენად მძიმეა სიმრუდე?
- დამჭირდება თუ არა ოპერაცია?
- რომელი არაქირურგიული მკურნალობა დამეხმარება?
- უნდა ჩავიტარო თუ არა ფიზიკური თერაპია?
- როგორ შევაჩერო სიმრუდის გაუარესება?
- აქვს თუ არა მკურნალობას გვერდითი მოვლენები?

### შენიშვნა კლივლენდის კლინიკისგან (Cleveland Clinic)

კიფოზი, ხერხემლის ჭარბი წინმიმართული სიმრუდე, განკურნებადი მდგომარეობაა, რომელიც, როგორც წესი, არ ახდენს გავლენას ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სიმრუდე მძიმე ფორმისაა. ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას შეუძლია პრობლემის მოგვარება მის გაუარესებამდე. არსებობს არაინვაზიური სამკურნალო მეთოდები, რომლებსაც ექიმი შემოგთავაზებთ ოპერაციამდე. მკურნალობის შემდეგაც კი, დაგჭირდებათ პოზის კონტროლი, რათა დარწმუნდეთ, რომ სიმრუდე არ დაბრუნდება. თუ სიმრუდის გამო თავს უხერხულად გრძნობთ, მიმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს.
